თქვენმა ექიმმა უნდა მოგაწოდოთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ, როგორც ეპილეფსიის მქონე ქალმა.

ქვემოთ მოცემული კითხვები დაგეხმარებათ თქვენს ექიმთან გასაუბრებისას.

კითხვები ეპილეფსიის მქონე ქალებისთვის

შეიძლება ჩემმა გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტებმა ხელი შეუშალოს კონტრაცეპტივების მოქმედებას?

ზოგიერთი გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტი ზრდის იმის რისკს, რომ თქვენი კონტრაცეპტივი არ იმუშავებს. თუ თქვენ შვილოსნობის ასაკში მყოფი ქალი ხართ აუცილებლად გაესაუბრეთ თქვენს ექიმს კონტრაცეფციაზე და ოჯახის დაგეგმვაზე, რათა თავიდან აიცილოთ დაუგეგმავი ორსულობა.

ჩემს გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტებს რაიმე გავლენა ექნებათ ჩემს სქესობრივ ცხოვრებაზე?

ნებისმიერმა გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სირთულეები სექსუალურ ცხორებაში. თუ თქვენ გაქვთ რაიმე პრობლემა, ჰკითხეთ თქვენს ექიმს შეგიძლიათ თუ არა სხვა მედიკამენტის მოსინჯვა.

შეიძლება თუ არა, რომ სექსუალური აქტის დროს გულყრა დამემართოს?

თქვენ შეიძლება გრცხვენოდეთ ესაუბროთ თქვენს ექიმს სქესობრივი ცხოვრების პრობლემებზე, მაგრამ თუ თქვენ ღიად ისაუბრებთ, თქვენი ექიმი შეძლებს გაერკვეს თქვენს პრობლემაში და დაგეხმაროთ.

კითხვები ქალებისთვის, რომლებიც ცდილობენ დაორსულებას

რა უნდა ვიცოდე სანამ დავორსულდები?

ეპილეფსიით დაავადებული ქალების უმრავლესობას ჰყავს ჯანმრთელი შვილები, მაგრამ აუცილებელია წინასწარი მომზადება. თუ თქვენ აპირებთ დაორსულებას,  გაესაუბრეთ თქვენს ექიმს წინასწარ.

ეპილეფსია გაართულებს დაფეხმძიმების პროცესს?

ჰორმონულმა დარღვევებმა და გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს დაორსულების პრობლემები.

რა არის ორსულობამდე გულყრების კონტროლის დადებითი მხარეები?

ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც უნდა განიხილოთ თქვენს ექიმთან ერთად და რატომაცაა აუცილებელი ორსულობის წინასწარ დაგეგმვა.

არის სხვა, ალტერნატიული მკურნალობის გზა გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტების გარდა, რომელიც შეიძლება ჩემთვის ეფექტური იყოს?

ოპერაცია და ცთომილი ნერვის (ვაგუსის) სტიმულაცია (VNS)  თერაპია, ეს გზები შესაძლოა იყოს, ან არ იყოს თერაპიის ალტერნატიული მეთოდი თქვენს შემთხვევაში.

ჩემს შვილსაც შეიძლება ჰქონდეს?

თუ თქვენ შიშობთ, რომ თქვენს შვილსაც შეიძლება ჰქონდეს ეპილეფსია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს გენეტიკური კონსულტაციის გავლის შესახებ.

მე ვიღებ ვალპროატს და მინდა დაორსულება – როგორ უნდა მოვიქცე?

ვალპროატი არის ძალიან ეფექტური მედიკამენტი გულყრების კონტროლისთვის, მაგრამ, თუ თქვენ გაქვთ ეპილეფსია და დაორსულდებით მაშინ, როდესაც თქვენ იღებთ ვალპროატს, არსებობს რისკი იმისა, რომ თქვენს შვილს ჰქონდეს სერიოზული თანდაყოლილი დეფექტები და განვითარების პრობლემები.

ორსულობისას ჩემი გულყრები შეიცვლება?

ზოგიერთ ქალს ორსულობისას აქვს უფრო მძიმე და უფრო ხშირი გულყრები, თუმცა სხვებისთვის გულყრების სიხშირე და სიმძიმე არ იცვლება. თუ ეს საკითხი განერვიულებთ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ამის შესახებ.

კითხვები ქალებისთვის, რომლებიც უკვე ორსულად არიან

ორსულად ვარ და ვალპროატს ვიღებ, როგორ მოვიქცე?

თუ იღებთ ვალპროატს და ორსულად ხართ, თქვენს ექიმს რაც შეიძლება სწრაფად დაუკავშირდით. მან შეიძლება ვალპროატის მიღების გაგრძელება გირჩიოთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის არ არსებობს სხვა ეფექტური მკურნალობა. 

შეიძლება ჩემს მედიკამენტებს ბავშვზე გავლენა ჰქონდეს?

გულყრამაც და გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტებმაც შეიძლება რისკი შეუქმნან ნაყოფს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენს ექიმს გაესაუბროთ ამის შესახებ.

შეიძლება ჩვეულებრივი მშობიარობა მქონდეს და როგორ შემიძლია მშობიარობის დროს გულყრის ქონის რისკი შევამცირო?

მშობიარობის დღემდე, წინასწარ გაესაუბრეთ თქვენს ნევროლოგსა და მეანს მშობიარობის დროს გულყრების მართვის შესახებ.

შემიძლია ჩემი შვილი ძუძუთი ვკვებო?

როგორც წესი, თუ თქვენ გაქვთ ეპილეფსია, თქვენ მაინც შეგიძლიათ ძუძუთი კვებოთ თქვენი ბავშვი და თქვენს რძეს არ ექნება არანაირი უარყოფითი გავლენა მასზე, თუმცა უმჯობესია წინასწარ ჰკითხოთ ექიმს რჩევა.

მშობიარობის შემდეგ ჩემი გულყრები შეიცვლება?

სთხოვეთ ექიმს აკონტროლოს თქვენს სისხლში მედიკამენტების კონცენტრაცია და დაარეგულიროს მედიკამენტების დოზა, თუ ეს საჭირო იქნება. ასევე, ჰკითხეთ ექიმს იმ სიმპტომების შესახებ, რომლებიც მიგანიშნებთ, რომ თქვენს სისხლში მედიკამენტების ზედმეტად მაღალი კონცენტრაციაა.

რა არის ყველაზე მისაღები კონტრაცეფცია მშობიარობის შემდეგ?

გაესაუბრეთ თქვენს ნევროლოგსა და მეანს, რათა მშობიარობიდან რამდენიმე კვირის პერიოდსითვის თქვენთვის შეირჩეს საუკეთსო თავის დაცვის საშუალება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, თუ ორსულობამდე თქვენ ჰორმონულ კონტრაცეპტივებს იყენებდით.

რა გეგმებიც არ უნდა გქონდეთ, ჩვენ აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ…